"სარწმუნოება უდიდესი ძალაა" - კვირის პალიტრა

"სარწმუნოება უდიდესი ძალაა"

უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ღვთის, სამშობლოსა და ადამიანის მნიშვნელობაზე იქადაგა. "გზა ღვთისკენ არ არის იოლი. ეს არის ვიწრო გზა, მრავალი განსაცდელით, მაგრამ ის ადამიანმა ბოლომდე უნდა განვლოს; ხოლო, როცა ეცემა, უნდა სთხოვოს ღმერთს - "დავიღალე, დავიღალე, მოდი ჩემთან, უფალო". სარწმუნოება უდიდესი ძალაა ადამიანისთვის", - ბრძანა პატრიარქმა. უწმინდესის თქმით, მეორე უდიდესი საუნჯე სამშობლოა. "სამშობლო უდიდესი ძალაა. ვინც მოწყვეტილია სამშობლოს, ის სუსტია, ეცემა, მას მტერი თრგუნავს", - ბრძანა პატრიარქმა. მესამე უდიდეს საუნჯედ კი ილია II-მ ადამიანი დაასახელა. როგორც მან ბრძანა, ადამიანი ერთხელ მოდის დედამიწაზე, არის ხატება ღვთისა, უნდა მიაღწიოს მასთან მსგავსებას და იყოს მკვიდრი სასუფევლისა. სასუფევლის დამკვიდრებისთვის კი ადამიანს სჭირდება რწმენა და კეთილი საქმეების კეთება (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).