პროცესი გამჭვირვალე უნდა იყოს - კვირის პალიტრა

პროცესი გამჭვირვალე უნდა იყოს

საერთაშორისო თანამეგობრობა ელოდება, რომ ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, ერთმანეთთან ითანამშრომლებენ, - ამის შესახებ ქართულ მედიასაშუალებებთან შეხვედრისას, საქართველოში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ფილიპ გორდონმა განაცხადა.

გორდონი ბოლოდროინდელ დაკავებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პროცესი გამჭვირვალედ უნდა წარიმართოს. მისი თქმით, დარღვევებზე ადამიანებმა პასუხი უნდა აგონ, თუმცა არ უნდა დარჩეს შთაბეჭდილება, რომ ეს პოლიტიკური ანგარიშსწორებაა. "საუბარი იმაზე, ხომ არ დგება ეჭვქვეშ საქართველოში ჩატარებული დემოკრატიული რეფორმები ახალი მთავრობის მიერ ძველი ხელისუფლების წევრების დაკავებების ფონზე, ჯერ ნაადრევია", - აღნიშნა გორდონმა. მისი განმარტებით, კონსტიტუციური ველიდან გასვლა შეიძლება ორივე მხარისთვის წამგებიანი აღმოჩნდეს და საერთაშორისო საზოგადოება პროცესებს ყურადღებით აკვირდება. გორდონმა ისიც აღნიშნა - თუ ეუთოს სადამკვირვებლო მისია განაცხადებდა, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები არ იყო დემოკრატიული და მთავრობამ მოახდინა მანიპულირება, ქვეყნის ნატოში გაწევრების პერსპექტივას ძირი გამოეთხრებოდა. გორდონის თქმით, ალიანსს აქვს ფუფუნება, რომ თავის რიგებში არადემოკრატიული ქვეყნები არ მიიღოს.