დაკავებები გრძელდება - კვირის პალიტრა

დაკავებები გრძელდება

მთავარმა პროკურატურამ შს მინისტრის ყოფილი მოადგილე შოთა ხიზანიშვილი,  კუდ-ის ყოფილი  დირექტორი ლევან ქარდავა, ასევე ამ უწყებისა და სოდ-ის  სხვა მაღალჩინოსნები დააკავა.

საქმე აღიძვრება დათა ახალაიას წინააღმდეგაც. პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ერთ-ერთი ეპიზოდის მიხედვით, ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ბექა კვარაცხელიას შოთა ხიზანიშვილმა დაავალა, მოეძია სხვადასხვა სახის ფარული მასალები, რომელთა გამოქვეყნებაც გამოიწვევდა ხალხის უნდობლობას "ქართული ოცნების" ლიდერების მიმართ. კვარაცხელიამ შეარჩია უკანონოდ მოპოვებული რამდენიმე პოლიტიკური პირის საუბრების აუდიოჩანაწერი და დისკები და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე გადასცა ხიზანიშვილს, რის შემდეგაც ხიზანიშვილი შევიდა პრეზიდენტის სასახლეში. მეორე დღეს ხიზანიშვილმა უთხრა კვარაცხელიას, რომ ამოარჩია საჭირო საუბრები, რომელიც მას  Youtube-ზე ისეთი სახით უნდა განეთავსებინა, თითქოს ის გავრცელებული იყო ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრ ბესო სურმავას მიერ. სურმავა კი, პროკურატურის ინფორმაციით, ამ აუდიომასალების თავისად გასაღებას მას შემდეგ დათანხმდა, რაც შსს-ს თანამშრომლებმა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალით დააშანტაჟეს. შემდეგ კუდ-ის მაღალჩინოსნებმა მას გასამრჯელოს სახით 150 ათასი ევრო გადაუხადეს. ყოფილ მაღალჩინოსანთა საქმეში სხვა ეპიზოდებიც ფიგურირებს. მაგალითად, პროკურატურის ინფორმაციით, კუდ-ის თანამშრომლები საბაჟოზე აზიანებდნენ ბიძინა ივანიშვილის თუ "ქართუ ჯგუფის" კუთვნილ ტვირთებს (ვრცლად იხ. გვ. 5,12, სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).