შესაძლოა, ივანიშვილი დარჩეს - კვირის პალიტრა

შესაძლოა, ივანიშვილი დარჩეს

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებს შეხვდა და რამდენიმე საათის განმავლობაში კითხვებს პასუხობდა. პრემიერის თქმით, პენსიონერებისა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების პენსია 2013 წლის 1-ლი სექტემბრიდან დღეს არსებულ საარსებო მინიმუმს - 150 ლარს გაუტოლდება. ივანიშვილმა გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ საზოგადოებაში გაჩნდება დაპირებების შესრულებასთან დაკავშირებული ეჭვი, პოლიტიკიდან არ წავა.

მისივე თქმით, "ნაციონალები" ლობისტების მეშვეობით საზღვარგარეთ სიცრუის გატანას ახერხებენ და ამას შესაბამისი პასუხი გაეცა. მან ბოლოდროინდელ დაკავებებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ კანონი ყველასთვის ერთია. ივანიშვილის აზრით, ცოტნე დადიანთან ბაჩო ახალაიას შედარება საქართველოს მოსახლეობის ცნობიერებაზე ძალადობაა. პრემიერის განმარტებით, პრეზიდენტის იმპიჩმენტი არ იგეგმება, თუმცა, მმართველობის საპარლამენტო მოდელი პრეზიდენტის არჩევნებამდე ამოქმედდება. "ტარიფები შეიძლება შევამციროთ, თუმცა, განახევრება, რასაც ველოდი, არ გამოვა და როგორც ჩანს, გადაჭარბებულად ვსაუბრობდით", - აღნიშნა პრემიერმა.

მან საქართველოში ირაკლი ოქრუაშვილის დაბრუნებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მისთვისაც მოულოდნელი იყო. რაც შეეხება "საზოგადოებრივ მაუწყებელს", როგორც პრემიერმა ბრძანა, "პირველი არხის" "ჭეშმარიტად საზოგადოებრივ მაუწყებლად" გარდაქმნის შემთხვევაში, მზად არის, "მეცხრე არხის" ქონება მთლიანად მას გადასცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, "ჭეშმარიტად საზოგადოებრივი მაუწყებლის" შექმნის პერსპექტივას ივანიშვილი "მეცხრე არხის" ბაზაზე ხედავს. "20 წლით წინასწარ გადავიხდი ფულს და ოჯახთან დამოკიდებულების კავშირიც "ჩაიხსნება", - აცხადებს ივანიშვილი (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).