"რობაქიძის საქმე" გახსნილია - კვირის პალიტრა

"რობაქიძის საქმე" გახსნილია

პროკურატურამ ბუტა რობაქიძის მკვლელობა გახსნა და თბილისის საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი ზურაბ მიქაძე დააკავეს. პროკურატურის ცნობით, 2004 წლის 24 ნოემბერს, როდესაც პოლიციელმა გიორგი ბაშალეიშვილმა ბუტა რობაქიძე მოკლა, სწორედ მიქაძის ორგანიზებით მიიტანეს მკვლელობის ადგილზე ყალბი მტკიცებულებები და რობაქიძის მეგობრებს ყალბი ბრალდებები წარუდგინეს. "ზურაბ მიქაძემ სხვა პირებთან ერთად, გამოძიებით დაუდგენელ დროს დაუდგენელი პირისგან მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა საპატრულო პოლიციის ორი მანქანით მიიტანა შემთხვევის ადგილზე. ამის შემდეგ, მისივე დავალებით, პოლიციის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა მტკიცებულებების ფალსიფიკაციის მიზნით დაალაგეს შემთხვევის ადგილზე. რობაქიძის გვამთან დადეს კალაშნიკოვის სისტემის ავტომატი ერთი მჭიდითა და 27 ვაზნით. ხოლო სხვა პირებს გაუნაწილეს ადგილზე მიტანილი იარაღი, საბრძოლო მასალა და ამგვარად შეიტანეს მათთვის სასურველი მონაცემები დათვალიერებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებში", - აცხადებს პროკურატურა.

სასამართლომ მიქაძეს 16.000-ლარიანი გირაო შეუფარდა, რასაც რობაქიძეების ოჯახის აღშფოთება მოჰყვა.

სოსო რობაქიძე, ბუტა რობაქიძის მამა: - სასამართლოს მორიგი უსამართლო გადაწყვეტილება იმის შედეგია, რომ მას ჯერ კიდევ კოტე კუბლაშვილი ატერორებს. აუცილებლად ვუჩივლებ მოსამართლეს და თუ ზურაბ მიქაძეს ისევ არ დააკავებენ, სტრასბურგამდეც მივალ. გამოძიების პროცესში ასევე კატეგორიულად მოვითხოვთ შსს-ს პრესსამსახურის ყოფილი უფროსის, გურამ დონაძის დაკითხვას და პასუხისგებაში მიცემას. "რუსთავი 2"-ით მან გაავრცელებინა ყალბი ინფორმაცია, თითქოს ბავშვებს იარაღი ჰქონდათ და უდანაშაულო ახალგაზრდები ბანდიტებად მოანათვლინა. სწორედ დონაძემ გაგზავნა ჩემი დის ოჯახში სპეცნაზი, რათა ისინი დაეშინებინათ.