დათა ახალაიასა და მელნიკოვს ინტერპოლი მოძებნის - კვირის პალიტრა

დათა ახალაიასა და მელნიკოვს ინტერპოლი მოძებნის

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსნებს - დათა ახალაიას, სოსო თოფურიძეს, გერონტი ალანიას და ოლეგ მელნიკოვს ბრალი წარედგინებათ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, წამებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის. საქმე ეხება 2005 წლის 2 იანვარს რესტორან "ძველ სახლში" ვანო მერაბიშვილის მეუღლე თაკო სალაყაიასთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს. პროკურატურის ცნობით, აღნიშნულის გამო დათა ახალაიამ დაიბარა მთაწმინდა-კრწანისის შს სამმართველოს სისხლის სამართლის სამძებროს უფროსი მ. ა. მას დათა ახალაიამ, გერონტი ალანიამ, ოლეგ მელნიკოვმა, სოსო თოფურიძემ და ოთახში მყოფმა სხვა პირებმა სასტიკად სცემეს. თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ "ძველ სახლში" სუფრასთან მ.ა. კი არა, სხვა მაღალჩინოსანი იჯდა. ახალაიამ და თოფურიძემ მ.ა.-ს ბოდიში მოუხადეს, თუმცა ტაბელური იარაღი არ დაუბრუნებიათ. შემდეგ მათ ზემოხსენებული მაღალჩინოსანი დაიბარეს და მასაც სასტიკად გაუსწორდნენ და აწამეს. დათა ახალაიას, სოსო თოფურიძეს, გერონტი ალანიას და ოლეგ მელნიკოვს ინტერპოლი მოძებნის, რადგან ისინი საქართველოში არ იმყოფებიან.