მერაბიშვილის ყალბი პასპორტი - კვირის პალიტრა

მერაბიშვილის ყალბი პასპორტი

შსს-მ ვანო მერაბიშვილის მიერ ყალბი დოკუმენტის გამოყენებისა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. სამართალდამცველების ცნობით, თბილისის აეროპორტში, პრეზიდენტის თანმხლებ დელეგაციაში მყოფმა მერაბიშვილმა მესაზღვრეებს ყალბი პასპორტი წარუდგინა - – ლევან მაისურაძის პასპორტში ყოფილი პრემიერის სურათი იყო ჩაკრული. შსს-ს განმარტებით, იმის გამო, რომ არ შეფერხებულიყო ერევანში სახელმწიფო ვიზიტი და დელეგაციას არ შეჰქმნოდა პრობლემა, მერაბიშვილს მიეცა საშუალება, წარმოედგინა სხვა, ნამდვილი პასპორტი და მის მიმართ სამართლებრივი პროცედურები მყისიერად არ განხორციელებულა. ყოფილ პრემიერს კითხვები ვერც ერევნიდან დაბრუნების შემდეგ დაუსვეს, რადგან  აეროპორტი პრეზიდენტის ესკორტთან ერთად დატოვა. მერაბიშვილმა შსს-ს განცხადებას აბსურდული უწოდა. ყოფილი პრემიერი შსს-ში დაჰკითხეს და რამდენიმე საათში გამოუშვეს (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).