ამნისტია პირველი მოსმენით დამტკიცდა - კვირის პალიტრა

ამნისტია პირველი მოსმენით დამტკიცდა

პარლამენტმა 83 ხმით 10-ის წინააღმდეგ პირველი მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი "ამნისტიის შესახებ". კანონპროექტს დაემატა მუხლი, რომლის მიხედვითაც, პოლიტდევნილებსა და პოლიტპატიმრებზე პოლიტიკური ამნისტია ცხადდება. კანონპროექტის დამტკიცების წინ, შესვენებისას, სხდომათა დარბაზში ერთმანეთს უმცირესობისა და უმრავლესობის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. ამის მიზეზი ნუკრი ქანთარიას განცხადება გახდა. "კარგი იქნება, თუ ამნისტიას საკუთარ რიგებში გამოაცხადებთ. აი, ახლა ორი გოგონაა აქ. ძალიან მწყდება გული, რომ ისინი თქვენთან არიან. ორი ჯერჯერობით ნათელი თვალების მქონე გოგონა. იქნებ პოლიტიკურ სუტენიორობას მოეშვათ და ეს გოგონებიც გაათავისუფლოთ", - მიმართა "ნაციონალებს" ქანთარიამ.  მას კორექტულობისკენ თავად უმრავლესობის წევრმა კობა დავითაშვილმა მოუწოდა, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა კი ინციდენტის გამო ბოდიში მოიხადა. სხდომაზე გამოცხადებული შესვენების შემდეგ ქანთარიას განცხადების გამო დარბაზში უმცირესობასა და უმრავლესობას შორის კონფლიქტი მოხდა  (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).