იმეგობრეთ წიგნთან - კვირის პალიტრა

იმეგობრეთ წიგნთან

"თუ მეცნიერება დაეცემა საქართველოში, ქართველი ხალხიც დაეცემა", - ბრძანა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია II-მ ქადაგებისას და ახალგაზრდებს მოუწოდა, იმეგობრონ არა რადიოსთან, ტელევიზიასა და ინტერნეტთან, არამედ წიგნთან. პატრიარქმა მეცნიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს მონასტრები უძველესი დროიდან იმით გამოირჩეოდა, რომ სულიერი მოღვაწეობის გარდა, დიდი სამეცნიერო საქმეები კეთდებოდა, მეცნიერება დიდი ძალაა, რომელსაც მუდმივად ეყრდნობოდა ქართველი ერი და ქართული ეკლესია.

პატრიარქმა ქართველი ერისა და ქართული ეკლესიის სახელით მადლობა გადაუხადა მეცნიერებს და ახალგაზრდებს მიმართა, რომ მათი სახელი საქართველოსა და მსოფლიოსთვის ცნობილი მხოლოდ მაშინ იქნება, თუ ზუსტ მეცნიერებებს აირჩევენ. "მუდმივად უნდა ვკითხულობდეთ წიგნს, ის საწოლთან უნდა გვედოს. დიდმა მეცნიერმა კლიმენტი ალექსანდრიელმა დიდი შრომა დაწერა, სადაც წერს, რომ მხოლოდ მორწმუნე ადამიანი არის მონა ღვთისა, ხოლო მორწმუნე და განათლებული ადამიანი - მეგობარი ღვთისა", - ბრძანა უწმინდესმა.