"ყაზბეგის" ქარხნის თანამშრომლებს უმუშევრობა ემუქრება - კვირის პალიტრა

"ყაზბეგის" ქარხნის თანამშრომლებს უმუშევრობა ემუქრება

"ყაზბეგის" რუსთავის ქარხნის 350 თანამშრომელს უმუშევრობა ემუქრება. კომპანიის პრეზიდენტ გოგი თოფაძის განცხადებით,

საგადასახადო სამსახური ქარხანას გადასახადების გადაუხდელობას ედავება. სამსახური ქარხნის თანამშრომლების კვების, ასევე, იმ მაცივრებისა და დანადგარების დაბეგვრას ითხოვს, რომლებსაც კომპანია სუპერმარკეტებსა და რესტორნებს უსასყიდლოდ გადასცემს.

"მთელ მსოფლიოში კომპანიები თანამშრომლებს ბინებსა და მანქანებს ჩუქნიან და ეს არ იბეგრება. საგადასახადოს მოთხოვნით კი უნდა დაიბეგროს მაცივრები და ლუდის ჩამოსასხმელი აპარატურაც, რომლებსაც უსასყიდლოდ ვაძლევთ სუპერმარკეტებსა და რესტორნებს, რომ ჩვენი პროდუქცია კარგად შეინახონ და გაყიდონ. ასეთ პირობებში ჩვენ დამატებითი ღირებულების გადასახადი 60%-ით გაგვეზრდება", - აცხადებს თოფაძე. ბიზნესმენი ამ გადასახადის  გადახდას არ პირებს: "პრინციპულად არ გადავიხდით და ვიდავებთ სასამართლოში. სასამართლოს იმედი დიდად არა გვაქვს, მაგრამ თუ ამისგან თავი არ დავიხსენით, გავაჩერებ ქარხანას და 350 კაცი უმუშევარი დარჩება".