პატრიარქი სიფრთხილისკენ მოგვიწოდებს - კვირის პალიტრა

პატრიარქი სიფრთხილისკენ მოგვიწოდებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე იმედოვნებს, რომ საქართველოს მომავალი ღვთისმშობლის მფარველობით მშვიდობიანი იქნება. როგორც უწმინდესმა ქადაგებაში ბრძანა, ყველა ადამიანს  თავისი ცხოვრების გზა აქვს და ყველა ეძებს ბედნიერებას, თუმცა, ზოგიერთს არ ესმის სად არის ბედნიერება. "ბოლო დროს აქტუალური გახდა ღმერთი, სამშობლო და ადამიანი. ზოგიერთს არ ესმის არც ერთის მნიშვნელობა. ცხოვრობს მხოლოდ დღევანდელი დღით, გართობით, ვნებებით, აინტერესებს ის, რაც საინტერესო არ არის. მაგალითად, ნამდვილი ხელოვნება წლების განმავლობაში გაგყვება, რადგან ის ზეციური წარმოშობისაა და ღმერთი ჩაგვაგონებს, მაგრამ არის ცრუ ხელოვნებაც, რომელიც დამყარებულია ვნებებსა და ისეთ გრძნობებზე, რაც ღლის, ამცირებს ადამიანს და მას ბედნიერება არ მოაქვს. ის, როგორც წუმპე, იზიდავს ადამიანს და როდის დაახრჩობს, არავინ იცის", - ბრძანა უწმინდესმა. პატრიარქმა საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ყველა ადამიანმა სწორად გაიგოს ღმერთის, სამშობლოსა და ადამიანის მნიშვნელობა (სიუჟეტი იხ. palitratv.ge-ზე).