"ცოცხების საქმე" გაიხსნა - კვირის პალიტრა

"ცოცხების საქმე" გაიხსნა

მთავარმა პროკურატურამ ციხის სკანდალთან დაკავშირებული საქმე გახსნა.  პროკურატურის ცნობით, 2012 წლის  სექტემბრის  დასაწყისში, საქართველოს იუსტიციის იმდროინდელი მინისტრის ზურაბ ადეიშვილისთვის ცნობილი გახდა, რომ გლდანის ციხის ყოფილმა თანამშრომელმა ვლადიმერ ბედუკაძემ პატიმრების წამების ამსახველი კადრები უცხოეთში გაიტანა,  სადაც გეგმავდა მათ დემონსტრირებას ევროპელი უფლებადამცველებისა და მედიის წინაშე. მოსალოდნელი პოლიტიკური სკანდალის თავიდან აცილების მიზნით, ადეიშვილმა გადაწყვიტა დაესწრო მოვლენებისთვის და სასაჯელაღსრულების დეპარტამენტის იმჟამინდელ ხელმძღვანელთან, დავით ჭაკუასთან  ერთად  შეიმუშავა სპეციალური დანაშაულებრივი გეგმა, რომლის თანახმადაც ციხის თანამშრომლებს, კერძოდ, ბედუკაძესთან დაახლოებულ პირებს - ლევან ფხალაძეს და ბორის ფარულავას (მეტსახელად "ბასტის" და "ბუბუს") ციხეში უნდა ეცემათ და ეწამებინათ პატიმრები, ყოველივე ამის ამსახველი კადრები კი, რომელსაც ფარულად ჩაიწერდნენ, საზოგადოებითვის "ქართული ოცნების" შეკვეთად წარედგინათ. პროკურატურის ცნობით, დანაშაულებრივი სქემა განხორციელდა და ციხის თანამშრომელმა ლევან ფურცხვანიძემ განაცხადა,  რომ ,,ქართული ოცნების"" წარმომადგენლებმა ბედუკაძის მეშვეობით, 40.000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, შეუკვეთეს  პატიმრების ცემა და წამება. სწორედ ეს განცხადება და სხვა წინასწარ ფალსიფიცირებული მტკიცებულებები გაავრცელა შს სამინისტრომ 2012 წლის 18 სექტემბერს (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).