ადეიშვილს ბრალი წაუყენეს - კვირის პალიტრა

ადეიშვილს ბრალი წაუყენეს

ზურაბ ადეიშვილს ბრალი რამდენიმე მუხლით წაუყენეს, მათ შორისაა  სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და პატიმართა მიმართ  დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზება.

პროკურატურის ინფორმაციით, სექტემბრის დასაწყისში ადეიშვილმა შეიტყო, რომ გლდანის ციხეში გადაღებული იყო პატიმრების წამების ამსახველი ვიდეომასალა, რომელიც შესაძლოა, საპარლამენტო არჩევნების წინ გავრცელებულიყო ევროპის რომელიმე ქვეყნის ტელევიზიით. პროკურატურის ცნობით, ვინაიდან ვიდეომასალის გამოქვეყნება მაკომპრომეტირებელი იქნებოდა ხელისუფლებისთვის,  ადეიშვილმა დაიბარა მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე დავით ჩხატარაშვილი და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით ჭაკუა. მან ჭაკუას დაავალა, რომ გლდანის ციხის თანამშრომლებს ეცემათ და ეწამებინათ წინასწარ შერჩეული პატიმრები, ამ ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა კი სატელევიზიო ეთერის საშუალებით უნდა მიეწოდებინათ საზოგადოებისთვის. გეგმის მიხედვით, პატიმართა ცემა-წამებაში მონაწილე პირების მიმართ განხორციელდებოდა სისხლისსამართლებრივი დევნა, რათა საზოგადოებისათვის მიეწოდებინათ ცრუინფორმაცია, თითქოს შესაბამისმა სტრუქტურებმა დროულად გამოავლინეს პატიმართა შეურაცხყოფის შემთხვევა, რომლის შესრულება და გადაღება ,,ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა ხელისუფლების იმიჯისთვის ზიანის მიყენების მიზნით დაგეგმეს. ადეიშვილის დავალება შესრულდა.