ივანიშვილის ინიციატივა - კვირის პალიტრა

ივანიშვილის ინიციატივა

პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, იგი მზადაა, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს "დაეხმაროს" და მთავრობის გადაყენების შემთხვევაში საკანონმდებლო ორგანოს დათხოვნის შესაძლებლობაც კი მისცეს, რის შემდეგაც ახალი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.

დღეს მოქმედი კონსტიტუციური ნორმით, პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნის უფლება საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებიდან 6 თვის და თავისი უფლებამოსილების ვადის ბოლო 6 თვის განმავლობაში არ აქვს. შესაბამისად, დღევანდელი მდგომარეობით, თუ პრეზიდენტი მთავრობას გადააყენებს, მაგრამ პარლამენტი მინისტრთა კაბინეტს არ დაუმტკიცებს, ქვეყნის პირველ პირს არ შეუძლია საკანონმდებლო ორგანოს დათხოვნა. ეს სიტუაცია სახელისუფლებო კრიზისს გამოიწვევს. ივანიშვილი, რომელიც ეჭვობს, რომ მიხეილ სააკაშვილი მთავრობის დათხოვნას აპირებს, მზადაა, პრეზიდენტს ეს ბარიერი მოუხსნას და მას რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში გაჰყვეს. პრემიერი აცხადებს, რომ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნება" უფრო მეტი მანდატის მოპოვებას შეძლებს, ვიდრე დღეს აქვს. თუმცა "ნაციონალები" აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას არ აპირებს. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიც პრეზიდენტს პარლამენტის ნებისმიერ დროს დათხოვნის საშუალებას აძლევს, საკანონმდებლო ორგანოში უკვე დარეგისტრირდა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).