ბაგრატის საკითხი კვლავ პრობლემურია - კვირის პალიტრა

ბაგრატის საკითხი კვლავ პრობლემურია

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის  მინისტრ გურამ ოდიშარიასა და მისი მოადგილე მარინე მიზანდარის პარიზში, "იუნესკოს" შტაბბინაში ვიზიტისას გაირკვა, რომ რეაბილიტირებული ბაგრატის ტაძრის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში დარჩენასთან დაკავშირებით კვლავ პრობლემებია. კერძოდ, ქართულ მხარესთან შეხვედრისას "იუნესკოს" გენერალური დირექტორის მოადგილე ფრანჩესკო ბანდარინიმ აღნიშნა, რომ ბაგრატის განახლების პროექტი არ იყო მათთან შეთანხმებული, არ იყო დაცული რეკონსტრუქციის კრიტერიუმები, რაც ტაძრის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან ამოვარდნას გამოიწვევს. ის ქართულ მხარეს ერთგვარი კომპრომისული ფორმის მოძებნას სთავაზობს.  მიზანდარის განმარტებით, შესაძლოა, მოხდეს ახალი საზღვრების დადგენა გელათის ნომინაციაში, სადაც აქცენტი უდავოდ გადავა გელათზე, ხოლო ბაგრატი დიდი ძალისხმევის შედეგად, შესაძლოა, მოექცეს მის არეალში (ვრცლად იხ. გვ. 14, სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).