ამნისტია გამოცხადდა - კვირის პალიტრა

ამნისტია გამოცხადდა

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა "ამნისტიის შესახებ" კანონს ხელი მოაწერა. ამნისტია 17 ათას პატიმარს შეეხება. ციხეები პირველ რიგში პოლიტპატიმრის სტატუსის მქონე 190-მა პირმა დატოვა. საპყრობილეებს შემდეგი ორი თვის ვადაში 3 ათასზე მეტი მსჯავრდადებული დატოვებს. დანარჩენებს სასჯელი შეუმსუბუქდებათ. პარლამენტმა ამნისტიის შესახებ კანონი დეკემბრის ბოლოს მიიღო, თუმცა პრეზიდენტმა მას ვეტო დაადო. მიუხედავად ამისა, 28 დეკემბერს, 91 მომხრით 24-ის წინააღმდეგ პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დასძლია და კანონი ხელმოსაწერად პრეზიდენტს დაუბრუნა. სააკაშვილმა ხელი კვლავ არ მოაწერა, რის შემდეგაც კანონი პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერის შემდეგ შევიდა ძალაში. "ამ აქტზე ხელმოწერით ვადასტურებ, რომ მეც და ახალი ხელისუფლებაც ვიღებთ პასუხისმგებლობას აქტის გამოცემაზე და გვჯერა, რომ მას ასეთივე პასუხისმგებლობით მოეკიდება ყველა პიროვნება, პირველ რიგში ისინი, ვინც საპატიმროებიდან თავისუფლდებიან. მჯერა, რომ ეს აქტი იქნება საზოგადოების გამთლიანების, მეტი თავისუფლებისა და არა პრობლემების მომტანი აქტი", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).