საიუბილეო თარიღებს კონფერენცია მიეძღვნა - კვირის პალიტრა

საიუბილეო თარიღებს კონფერენცია მიეძღვნა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს აღსაყდრებიდან 35-ე და დაბადებიდან 80 წელი მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიების დელეგაციებმა, ქართველმა და უცხოელმა პოლიტიკოსებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა მიულოცეს. უწმინდესის საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით საქართველოში კონსტანტინეპოლისა და მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს პირველი ჩამობრძანდა. ილია მეორემ მსოფლიო პატრიარქს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა, რის შემდეგაც აღსაყდრების პერიოდი გაიხსენა და იმდროინდელი და დღევანდელი მდგომარეობა შეაფასა. როგორც უწმინდესმა ბრძანა, კომუნისტური მმართველობის პერიოდში ხელისუფლების მხრიდან არსებობდა გამოთქმა, - რაც მეტი სიბინძურეა ეკლესიაში, მით უკეთესი ჩვენთვის, - თუმცა, ეს დრო, ღვთის ნებით, შეიცვალა და დღეს საქართველო უკვე თავისუფალი ქვეყანაა. მიუხედავად ამისა, როგორც ილია მეორემ ბრძანა, დღესაც არსებობს პრობლემები. საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით საპატრიარქოს უნივერსიტეტში კონფერენცია გაიმართა. ესწრებოდნენ სერბეთის, ბულგარეთის, ალექსანდრიის, კონსტანტინოპოლის, რუსეთის, ჩეხეთის მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღოლები და მღვდელმთავრები. კონფერენციას ესწრებოდა რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი კულტურულ საკითხებში მიხეილ შვიდკოი, რომელმაც უწმინდესისადმი  რუსეთის პრეზიდენტის მილოცვა წაიკითხა და პატრიარქს  საჩუქრად ვლადიმირ პუტინისგან გამოგზავნილი ხატი გადასცა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge.გე-ზე).