პატრიარქის ვიზიტი - კვირის პალიტრა

პატრიარქის ვიზიტი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ვიზიტით მოსკოვში იმყოფებოდა. პატრიარქს რუსეთის დედაქალაქში მართლმადიდებელი ერთობის პრემია მიანიჭეს. უწმინდესი მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილსაც შეხვდა. ილია მეორემ და კირილმა ხაზი გაუსვეს ორ ეკლესიას შორის არსებულ ურთიერთობებს და ქვეყნებს შორის კავშირების აღდგენის აუცილებლობას. უწმინდესმა ბრძანა, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს შემადგენლობაში უნდა დაბრუნდნენ. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პატრიარქი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსაც შეხვდა. ილია მეორემ პუტინს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მოკითხვა გადასცა. "მინდა გადმოგცეთ ჩვენი ახალი პრემიერ-მინისტრის მოკითხვა. ის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება მოხდეს. ვფიქრობ, ყველა პრობლემა, რომელიც ჩვენ შორის არის, მოგვარდება და ჩვენ ადრინდელივით მოძმეები ვიქნებით", - ბრძანა მისმა უწმინდესობამ. რუსეთის  პრეზიდენტმა პატრიარქს მადლობა გადაუხადა იმ წვლილისთვის, რომელიც მას რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების აღდგენაში შეაქვს. "განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ თქვენ, დღევანდელ მძიმე პირობებში, მხედველობაში მაქვს არცთუ ისე იოლი ურთიერთობა  რუსეთსა და საქართველოს შორის, ყველაფერს აკეთებთ, რათა ხელი შეუწყოთ ჰუმანიტარული, კულტურული და სულიერი კონტაქტების შენარჩუნებას მოძმე ერებს შორის", - მიმართა პუტინმა ილია მეორეს (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).