უგულავა დაჰკითხეს - კვირის პალიტრა

უგულავა დაჰკითხეს

თბილისის ბიუჯეტიდან 5.245.945 ლარის გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, 2009 წლის 31 დეკემბერს მერიის "თბილსერვისჯგუფში" ფორმალურად შეიქმნა საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება, სადაც 2 წლის განმავლობაში ფიქციურად დასაქმდა "ნაციონალების" 764 კოორდინატორი. მათ ხელფასის სახით 5.245.945 ლარი დაერიცხათ. არსებული ინფორმაციით, "თბილსერვისჯგუფში" ალპინისტ-დამგველებად "თეატრალურის კვარტეტის" წევრები იყვნენ გაფორმებული და ხელფასის სახით 71.338 ლარი აიღეს. გამოძიების დაწყებას გიგი უგულავამ აღვირახსნილი პოლიტიკური დევნა უწოდა. "დიახ, ეს ადამიანები მუშაობდნენ "თბილსერვისჯგუფში" მაშინ, როდესაც ბუნკერების გაუქმება ხდებოდა. ამას კი სჭირდებოდა კომუნიკაცია, რასაც აკეთებდა უამრავი ადამიანი", - განაცხადა უგულავამ.

გამოძიებამ უგულავა დაკითხვაზე დაიბარა, თუმცა მან გამოცხადებაზე უარი თქვა და მერიაში მოითხოვა გამომძიებლების მისვლა. პროკურორმა და გამომძიებელმა უგულავა მერიაში დაჰკითხეს (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).