პუტინმა სააკაშვილის ჰალსტუხამდე აიწია - კვირის პალიტრა

პუტინმა სააკაშვილის ჰალსტუხამდე აიწია

საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრის გამო რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა აგრესია ვერ დამალა და

მიხეილ სააკაშვილზე ბოროტად იხუმრა. მან უკრაინის პრეზიდენტს ურჩია, საქართველოს პრეზიდენტთან ვახშამზე ჰალსტუხის გარეშე მისულიყო. რუსეთის მეორე კაცმა თავისი “ხუმრობით” 2008 წლის აგვისტოში “ბი-ბი-სის ეთერში გასულ კადრებზე მიანიშნა, სადაც საქართველოს პირველი პირი ჰალსტუხს ღეჭავს.

პუტინს ვალში არც საქართველოს პრეზიდენტი დარჩა.

- პუტინი ჩემი სხეულის იმ ნაწილით დაკიდებას მპირდებოდა, რომელიც ყველა მამაკაცისთვის, განსაკუთრებით კი პოლიტიკოსისთვის, აუცილებელი ნაწილია და ქალ პოლიტიკოსსაც კი სჭირდება(!). ახლა იგი ჩემი ჰალსტუხის შესახებ საუბრობს. კარგი ახალი ამბავია, მან ცოტა მაღლა, ჰალსტუხამდე აიწია. ასე უფრო მშვიდად ვგრძნობ თავს, - აღნიშნა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, პუტინის განცხადებები უკრაინის შეურაცხყოფაა. ასეთი ტონით ვინმეზე ან რაიმეს მიმართ საუბარი რუსი ერის შეურაცხყოფაა, რომელსაც მე პატივს ვცემ, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.