ივანიშვილი ძალადობას გმობს - კვირის პალიტრა

ივანიშვილი ძალადობას გმობს

პრემიერი ბიძინა ივანიშვილი გმობს იმ ძალადობას, რომელსაც ადგილი ჰქონდა ეროვნულ ბიბლიოთეკასთან. იგი აცხადებს, რომ შს მინისტრი მისი  დავალებით ახორციელებს ღონისძიებებს მოძალადეთა გამოსავლენად. პრემიერი პრეზიდენტის მიერ 8 თებერვალს გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სააკაშვილის გამოსვლაში საყურადღებო მომენტები შენიშნა. "პრეზიდენტმა ქართველ ხალხს ბოდიში მოუხადა იმ შეცდომებისთვის, რაც წლების განმავლობაში დაუშვეს მან და მისმა მთავრობამ. აღიარა ისიც, რომ გასულ საპარლამენტო არჩევნებში ხალხმა სამართლიანად ჩამოართვა მათ ძალაუფლება და ხალხის ნდობის დასაბრუნებლად, პირველ რიგში, საჭიროა წარსულის პრობლემების გაანალიზება და სწორი დასკვნების გაკეთება. ახლა საჭიროა სიტყვიდან საქმეზე გადასვლა, რათა გაჩნდეს ნდობა მისი ამ და სხვა სიტყვებისადმიც. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი პოლიტიკური გუნდი მზადაა, მხარი დაუჭიროს იმ კონსტიტუციურ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც პარლამენტის მონაწილეობის გარეშე ახალი მთავრობის შექმნა შეუძლებელი გახდება. შესაბამისად, ველით ამ განცხადების დადასტურებას, რის შემდეგაც პარლამენტი უმოკლეს ხანში კენჭს უყრის ამ კანონპროექტს", - აღნიშნულია განცხადებაში. "ძალადობრივი დანაშაულის პატიების უფლება ჩემთვის არავის მოუცია. ყველა სხვა საკითხზე მზად ვარ გონივრული კომპრომისებისთვის", - დასძინა ივანიშვილმა.