ცემა-ტყეპა ბიბლიოთეკასთან - კვირის პალიტრა

ცემა-ტყეპა ბიბლიოთეკასთან

8 თებერვალს პრეზიდენტი პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით უნდა წარმდგარიყო, თუმცა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, სააკაშვილის გამოსვლა გადაიდო. სამაგიეროდ, სააკაშვილმა გადაწყვიტა, მოსახლეობისთვის ეროვნული ბიბლიოთეკიდან მიემართა. ბიბლიოთეკასთან დილიდანვე შეიკრიბნენ პოლიტპატიმრები, მათი ოჯახის წევრები, 7 ნოემბრისა და 26 მაისის მოვლენებისას დაზარალებულები. ისინი პრეზიდენტის გამოსვლაზე 10-კაციანი ჯგუფის დაშვებას მოითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აცხადებდნენ, რომ სააკაშვილს შენობაში არ შეუშვებდნენ. ამ თხოვნაზე უარი მიიღეს, რის შემდეგაც ბიბლიოთეკაში შესვლა სცადეს, რაც პოლიციამ აღკვეთა. სიტუაცია მაშინ დაიძაბა, როდესაც ბიბლიოთეკაში შესვლა "ნაციონალების" ლიდერებმა სცადეს, კერძოდ, ჯერ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი თენგიზ გუნავა გაემართა ხალხისკენ.

აქციის მონაწილეებმა მას ბოთლები და ქაღალდები ესროლეს. შემდეგ კი იქ გიგი უგულავა, გიგა ბოკერია და სხვა "ნაციონალები" მივიდნენ. გიგი უგულავა გაიძახოდა: "ჰა, მოაწყვეთ შოუ ახლა". მას ბოთლები და კვერცხები ესროლეს, დეპუტატ ჩიორა თაქთაქიშვილს კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. სიტუაციის განმუხტვის მიზნით ადგილზე შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მივიდა. მისი განცხადებით, "ნაციონალებს" ბიბლიოთეკაში შესვლა ორი ალტერნატიული დერეფნით შეეძლოთ, თუმცა მათ  ხალხის გავლით მოინდომეს იქ შეღწევა. ღარიბაშვილმა პროვოკაციაში გიგი უგულავას დასდო ბრალი. საბოლოოდ, ბიბლიოთეკაში პრეზიდენტის მისვლა ჩაიშალა და მან საზოგადოებას თავისი რეზიდენციიდან მიმართა. ინციდენტთან დაკავშირებით შსს-მ დააკავა მელორ ვაჩნაძე, მიშა მესხი, რომლებსაც სასამართლომ 100-100-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. გელა მამალაძე თაქთაქიშვილისთვის და რამდენიმე ნაციონალისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაშია ბრალდებული (ვრცლად იხ. გვ. 5, 6, 7, სიუჟეტი იხ. palitratv.ge-ზე).