საპატრიარქო პროვოკაციას არ აჰყვება - კვირის პალიტრა

საპატრიარქო პროვოკაციას არ აჰყვება

საქართველოს საპატრიარქომ საგანგებო განცხადება გაავრცელა. - "ეკლესიის დისკრედიტაციისკენ მიმართული მცდელობა ახლა უკვე ახალ

ფაზაში შევიდა, რაც იმით ვლინდება, რომ დეზინფორმაციული და ცილისმწამებლური კამპანია მასმედიის თითქმის ყველა საშუალებით მიმდინარეობს. ამასთან, 18 ნოემბერს ""საზოგადოებრივი მაუწყებლის"" ეთერით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს საპატრიარქო და სასულიერო პირები მონაწილეობას მიიღებენ საეკლესიო თემების შესახებ გამართულ სატელევიზიო დებატებსა და საჯარო გამოსვლებში, რაც სიმართლეს არ შეესაბამება", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში. განცხადებაში კვლავ კატეგორიულად მიუღებლად მიაჩნიათ საპატრიარქოსა და სასულიერო პირების ჩართვა მსგავსი ტიპის გადაცემებში, რადგან ანტიეკლესიური ძალების ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ ის არის, რომ მოძღვრებიც დებატების თანამონაწილენი გახადონ. - "თუ რომელიმე სასულიერო პირი მაინც გადადგამს ასეთ ნაბიჯს, ეს იქნება მისი თვითნებობა და ანტიკანონიკური ქმედება", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში. მასში ასევე აღნიშნულია, რომ საჭიროების შემთხვევაში საჯარო განხილვებში ოფიციალურად მონაწილეობას კვლავაც მიიღებენ სამღვდელოების ის წარმომადგენლები, რომელთაც საქართველოს საპატრიარქოს ნებართვა ექნებათ.