"ქართული ოცნების" ყრილობა - კვირის პალიტრა

"ქართული ოცნების" ყრილობა

16 თებერვალს პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ყრილობა გაიმართა. დელეგატებმა საპატიო თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილი აირჩიეს. დაკომპლექტდა 21-კაციანი პოლიტსაბჭო. ყრილობის დაწყებამდე ივანიშვილმა გაიხსენა მიხეილ სააკაშვილთან საპატრიარქოში საუბრის დეტალები. კერძოდ, მისი თქმით,  სააკაშვილმა უთხრა, რომ უგულავაც და მერაბიშვილიც გმირები არიან და ისინი სიამოვნებით ჩაჯდებიან ციხეში. ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას კი ივანიშვილმა კიდევ ერთხელ შეაფასა 8 თებერვლის მოვლენები და განაცხადა, რომ უსამართლობას კანონით და არა მუშტი-კრივით უნდა გაეცეს პასუხი. მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების ვადამდე ამოქმედების თაობაზე ოპოზიციის წინადადებას მიესალმება. "ქართული ოცნება" საპარლამენტო რესპუბლიკას უჭერს მხარს, "თავისუფალი დემოკრატები" კი - საპრეზიდენტოს. მისივე განცხადებით, დაირღვევა ტრადიცია, როდესაც ხელისუფლებასა და მმართველ პარტიას შორის ზღვარი არ არსებობდა. "გპირდებით, რომ საქართველოში არნახული ეკონომიკური აღმავლობა დაიწყება", - აღნიშნა ივანიშვილმა.