სააკაშვილი, შესაძლოა, დაჰკითხონ - კვირის პალიტრა

სააკაშვილი, შესაძლოა, დაჰკითხონ

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისის მერ გიგი უგულავას სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მუხლებით ბრალი წაუყენა. კერძოდ, საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ამოხსნილია ძველი ხელისუფლების მიერ ტელეკომპანია "იმედის" ხელში ჩაგდების სქემა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე გიგი უგულავა იყო. გამოძიების ცნობით, სქემაში უგულავასთან ერთად ჩართული იყო დავით კეზერაშვილი. არსებული ინფორმაციით, საქმეში მთავარი მოწმე ჯოზეფ ქეია. მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის ინფორმაციით, ქეი აცხადებს, რომ "იმედის" ხელში ჩაგდების საქმეში უშუალოდ მონაწილეობდა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. სავარაუდოდ, სააკაშვილს მოწმის სტატუსით დაჰკითხავენ. უგულავას ბრალდების მეორე ეპიზოდი "თბილსერვის ჯგუფის" საქმეს, ანუ "ნაციონალური მოძრაობის" თვალთმაქცური დაფინანსების სქემას ეხება. გამოძიების ინფორმაციით, უგულავას ორგანიზებით, "ნაციონალი" აქტივისტებისათვის ფულის დარიგების მიზნით "თბილსერვისში" შეიქმნა "საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება", სადაც ფიქციურად გაფორმდა 764 აქტივისტი. უმეტესობას ამ სამსახურში არც ერთი დღე არ უმუშავია და ეწეოდა პარტიულ საქმიანობას, თუმცა დედაქალაქის  ბიუჯეტისთვის განკუთვნილი ასიგნებებიდან ხელფასის სახით 4 130 728  ლარი დაერიცხათ. გიგი უგულავა ბრალდებებს უარყოფს და პოლიტიკურ დევნაზე ლაპარაკობს (სიუჟეტი იხ. palitratv.ge-ზე).