ივანიშვილის ულტიმატუმი - კვირის პალიტრა

ივანიშვილის ულტიმატუმი

პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მი-მართა და მოსთხოვა, დააფიქსიროს, უარს ამბობს თუ არა კონსტიტუციურ დიქტატურაზე და უჭერს თუ არა მხარს პარლამენტის თანხმობის გარეშე მთავრობის შეცვლის აკრძალვას. "მინდა, როგორმე ღირსეული გამოსავალი ვიპოვოთ, ზედმეტი დანაკარგის გარეშე გავუმკლავდეთ წარსულს და მთელი ენერგია მომავალს მოვახმაროთ. ამიტომ ვწვალობ ამდენს და ვცდილობ, დაგანახოთ გამოსავალი, რომელიც გახსნიდა გზას ყველა სხვა პრობლემის ცივილიზებულად მოგვარებისკენ", - ნათქვამია ივანიშვილის მიმართვაში. ამასთან, პრემიერი აღნიშნავს, რომ კანონი ყველასთვის კანონად დარჩება და "ნაციონალებისგან" გათავისუფლებული  სასამართლო უდანაშაულოს თავისუფლების გარანტიას მისცემს, ხოლო დამნაშავეს - სასჯელის. "პირადად მე, სანამ პოლიტიკაში ვარ, მაქსიმალურად შევიკავებ თავს საკუთარი შეფასებებისგან, მაგრამ როდესაც კვლავ საზოგადოების რიგითი წევრი გავხდები (არცთუ შორეულ მომავალში), ყველაფერს ვიღონებ იმისათვის, რომ საზოგადოებას არც ვინმეს შეფასება გადაავიწყდეს და არც დაფასება", - აცხადებს ივანიშვილი. პრეზიდენტს პრემიერის მიმართვაზე პასუხი არ გაუცია (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).