კონსენსუსი შედგა - კვირის პალიტრა

კონსენსუსი შედგა

საქართველოს პარლამენტმა საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებთან დაკავშირებით რეზოლუცია ერთხმად  -  96 ხმით მიიღო. დოკუმენტი უმრავლესობისა და უმცირესობის ერთობლივი მხარდაჭერით გავიდა. რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით კონსულტაციები პროექტის სესიაზე გატანის წინაც გაიმართა, რომლის შედეგად მხარეებმა პოზიციების შეჯერება შეძლეს. დოკუმენტი სულ 19 პუნქტისგან შედგება. მასში აღნიშნულია, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია.  რეზოლუციის მიხედვით,  აშშ-თან ურთიერთობას საქართველო წარმართავს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით განსაზღვრული პირობებით. ტექსტში რუსეთთან დიალოგის შესახებ აღნიშნულია, - საქართველო რუსეთთან დიალოგს წარმართავს როგორც ჟენევაში მიმდინარე საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით, ისე ორმხრივ ფორმატში. რეზოლუციის მიხედვით საქართველოს არ შეიძლება ჰქონდეს დიპლომატიური ურთიერთობები ან იმყოფებოდეს სამხედრო-პოლიტიკურ ან საბაჟო კავშირში იმ სახელმწიფოებთან, რომლებიც აღიარებენ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას.