მოკლეს თუ თავი მოიკლა?! - კვირის პალიტრა

მოკლეს თუ თავი მოიკლა?!

23 მარტს საიდუმლოებებით მოცული ბიზნესმენის, ბორის ბერეზოვსკის ცხედარი დიდ ბრიტანეთში, სურეის საგრაფოში, ქალაქ ასკოტთან მდებარე მის სასახლეში აღმოაჩინეს. ცხედარი სააბაზანოში იპოვეს. 67 წლის ბიზნესმენის გარდაცვალების მიზეზების შესახებ რამდენიმე ვერსია ვრცელდება. კერძოდ, ზოგიერთი დასავლელი ჟურნალისტი არ გამორიცხავს, რომ ბერეზოვსკი რუსულმა სპეცსამსახურებმა მათთვის დამახასიათებელი ხელწერით (სახელდება მოწამვლის ვერსია) მოკლეს. თუმცა ადვოკატ ალექსანდრ დობროვინსკის მტკიცებით, ბიზნესმენმა თავი მოიკლა. დობროვინსკის განცხადებით, ბერეზოვსკი ბოლო დროს მძიმე მდგომარეობაში, ფაქტობრივად გაკოტრებული იყო და იძულებული გახდა, თავისი კოლექციიდან სურათები გაეყიდა. "ჩვენი საერთო ნაცნობებისგან ვიცი, რომ ბერეზოვსკიმ მათ რამდენიმე ათეული ათასი დოლარი სთხოვა, რომ ბილეთი აეღო და სადღაც საქმეზე გაფრენილიყო", - აცხადებს ადვოკატი. თუმცა რუსული მედია იმასაც იუწყება, რომ ბოლო დროს ბერეზოვსკის გულის შეტევა რამდენჯერმე დაემართა და შესაძლოა, მისი სიკვდილის მიზეზი სწორედ ინფარქტი იყო. სავარაუდოდ, ბიზნესმენის გარდაცვალების გარემოებებზე გამოძიებას სკოტლანდ იარდი დაიწყებს. ბორის ბერეზოვსკი დიდ ბრიტანეთში 2001 წლიდან ცხოვრობდა, სადაც 2003 წელს პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიიღო.