ინციდენტი ბათუმში - კვირის პალიტრა

ინციდენტი ბათუმში

ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩაზე, საია-ს სამ თანამშრომელსა და აჭარის შსს-ს მთავარი სამმართველოს უფროსს, ვალერი თელიას შორის ინციდენტი მოხდა. როგორც საია-ს წარმომადგენლები ამბობენ, ქუჩაში მოძრაობისას მათ აჭარის პოლიციის უფროსმა შეურაცხყოფა მიაყენა და ანთებული სიგარეტი ესროლა. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ ჯერ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ საია-ს მძღოლი რომან ფარტენაძე ავტომანქანას ნასვამი მართავდა და საგზაო მოძრაობის ნიშნებს არ დაემორჩილა, რითაც თელიას ავტომანქანას ავარიული სიტუაცია შეუქმნა. მოგვიანებით, გამოქვეყნდა ამ ფაქტის ამსახველი ვიდეომასალაც, რომელიც ახლომდებარე ერთ-ერთი ობიექტის სათვალთვალო კამერითაა გადაღებული.

საია შსს-ს ცალმხრივობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ საგზაო წესების დარღვევის შემთხვევაშიც არავის ჰქონდა უფლება, "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წარმომადგენლებისთვის შეურაცხყოფა მიეყენებინა. საია თელიასთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).