"ბედი ღვთის ლოცვა-კურთხევაა" - კვირის პალიტრა

"ბედი ღვთის ლოცვა-კურთხევაა"

უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა  ილია II-მ სამების ტაძარში ქადაგებისას ბრძანა, რომ ბედი უპირველეს ყოვლისა, ღვთის ლოცვა-კურთხევაა და შემდეგ ამასთან შერწყმული ადამიანის ნებისყოფა და მოქმედება. ღვთისთვის წარსული, აწმყო და მომავალი ყველაფერი აწმყოა. ამიტომ ხედავს უფალი ადამიანის მოქმედებას და განსაზღვრავს მის საუკუნო ცხოვრებას.

"ჩვენ ხშირად ვფიქრობთ, რა არის საქართველოს ბედი. საოცრება ის არის, რომ ძალიან ხშირად ჩვენ არ ვიმსახურებთ იმ მფარველობას, რაც ეკუთვნის საქართველოს. ძალიან ხშირი შემთხვევა ყოფილა და არის, რომ თითოეული ადამიანი და ქვეყანა არღვევს ღვთის კანონებს. ქართველი ადამიანი იცავდა ტაძრებს, მონასტრებს, იცავდა მამულს, ჩვენს კულტურასა და ენას და დადგა ისეთი დრო, როდესაც ხშირ შემთხვევაში თვითონ ანადგურებს ტაძარს, ენას, კულტურასა და მომავალს.

ჩვენ შევთხოვთ უფალს, შეგვინდოს და გვაპატიოს ჩვენი შეცდომები. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გვაპატიებს იმ იმედით, რომ ჩვენ გამოვსწორდებით", - ბრძანა უწმინდესმა.