"ყველას ყველაზე" გაცვლას ითხოვს - კვირის პალიტრა

"ყველას ყველაზე" გაცვლას ითხოვს

ცხინვალის რეჟიმი ქართულ მხარეს დაკავებულების "ყველას ყველაზე" პრინციპით გაცვლას სთავაზობს. ცხინვალის რეჟიმის ე.წ.

პარლამენტის თავმჯდომარე სტანისლავ კოჩიევის განცხადებით, "ცხინვალში ამ დროისთვის საქართველოს 4 მოქალაქეა დაკავებული, რომელთაგან ორი საკუთარ თავს არასრულწლოვანს უწოდებს. საქართველოში კი სამხრეთ ოსეთის 25 მოქალაქეა დაკავებული. ჩვენ ვთავაზობთ, ყველა ყველაზე გავცვალოთ". მისივე თქმით, იანვრიდან ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე "საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის" გამო საქართველოს 85 მოქალაქე დააკავეს და  თითქმის ყველა მათგანი უპირობოდ გადაეცა ქართულ მხარეს. სოფელ ტირძნისის მცხოვრები 4 არასრულწლოვანი:  გიორგი რომელაშვილი, ალეკო ცაბაძე, ვიქტორ ბუჩუკური და ლევან ხმიადაშვილი ოსმა მილიციელებმა 4 ნოემბერს დააკავეს. ცხინვალის რეჟიმი მათ ბრალად ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონოდ შენახვასა და ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას სდებს.

"ქართული მხარე გატაცებული მოზარდების გათავისუფლების საკითხით ვაჭრობას არ აპირებს. ბავშვები უპირობოდ უნდა გაათავისუფლონ", - განაცხადა საქართველოს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა.