დააკავეს ციხის თანამშრომლები - კვირის პალიტრა

დააკავეს ციხის თანამშრომლები

პატიმრის წამებისა და გაუპატიურების ბრალდებით სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-N15 დაწესებულების ყოფილი თანამშრომლები დააკავეს.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსმა ლევან ლეჟავამ, ამავე დაწესებულების დირექტორმა შოთა თოლორდავამ, უსაფრთხოების განყოფილების უფროსმა გიორგი ფარჯანაძემ და პატიმრობის განყოფილების ხელმძღვანელმა დიმიტრი ჩხეიძემ 2012 წლის 24 თებერვალს, მსჯავრდადებულ პ. ო.-ს ამავე დაწესებულების ადმინისტრაციული შენობის სავარჯიშოდ განკუთვნილ ოთახში შეუკრეს ხელ-ფეხი და სასტიკად სცემეს. "სცემეს რეზინის ხელკეტითაც. არაერთხელ გამოიყენეს ელექტროშოკიც, რის შემდეგაც წყლით სავსე ჭურჭელში რამდენჯერმე ჩააყოფინეს თავი და რეზინის ხელჯოხით გააუპატიურეს", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.