აგვისტოს ომს გამოიძიებენ - კვირის პალიტრა

აგვისტოს ომს გამოიძიებენ

მთავარ პროკურატურაში აგვისტოს ომის მიზეზების შესასწავლად სპეციალური საგამოძიებო კომისია შეიქმნება. არჩილ კბილაშვილის ინფორმაციით, დაიკითხებიან ის პირები, რომელთაც ომის თაობაზე ინფორმაცია აქვთ. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა არ გამორიცხა, რომ გამოძიებას კითხვები მიხეილ სააკაშვილთანაც ჰქონდეს. პრეზიდენტმა კი პასუხად განაცხადა, რომ არ ითანამშრომლებს ანტისახელმწიფოებრივ გამოძიებასთან. სააკაშვილმა კიდევ ერთხელ დაადანაშაულა ბიძინა ივანიშვილი, თითქოს მან ომის დაწყებაში საქართველო დაადანაშაულა. პრეზიდენტს პრემიერმა უპასუხა. მისი თქმით, არასოდეს უთქვამს, რომ საქართველომ ომი დაიწყო. "არავინ აყენებს ეჭვქვეშ ჩვენი შეიარაღებული ძალების თავდადებას, მათ გმირობას - ასობით ახალგაზრდა შეაკვდა უთანასწორო ბრძოლას. კითხვებს დავუსვამთ მხოლოდ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას - მთავარსარდალსა და მთელ მთავრობას და ვალდებული არიან პასუხი გასცენ"", - ამბობს ივანიშვილი და დასძენს, რომ პრეზიდენტს იმდენჯერ მოუწევს დაკითხვაზე მისვლა, რამდენჯერაც საჭირო იქნება.