"პროკურატურასთან კითხვები მაქვს" - კვირის პალიტრა

"პროკურატურასთან კითხვები მაქვს"

როგორც პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა მედიასაშუალებების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას განაცხადა, მას პროკურატურასთან კითხვები აქვს. "ბევრი მუშაკი, რომელიც წინა ხელისუფლების დროსაც საქმიანობდა, მუშაობას აგრძელებს. ზოგიერთი საქმე ანეკდოტურიცაა, როგორც მითხრეს, ზოგჯერ იგივე პროკურორი თავიდან იძიებს იმ საქმეს, რომელსაც წინა ხელისუფლების დროს იძიებდა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.      მისივე განმარტებით, საკადრო ცვლილებები პროკურატურაში დაწყებულია, მიმდინარეობს ახალი კადრების მიღება. არის კითხვები ერთი-ორ მინისტრთანაც, მიუხედავად ამისა, მთავრობაში საკადრო ცვლილებები არ იგეგმება. პრემიერის განცხადებით, ყოფილმა ხელისუფლებამ ზედმეტ სპეკულაციას თავი უნდა დაანებოს და თუ უმცირესობის ლიდერ პრეზიდენტს არ მოსწონს ახალი ხელისუფლება, მას აქვს უფლება, დაითხოვოს ის.

პრემიერმა ისიც აღნიშნა, რომ ოფშორული კომპანიებით სარგებლობაში პრობლემას ვერ ხედავს და ბიზნესელიტა ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიებს საგადასახადო ოპტიმიზაციისთვის იყენებს. პირადად მისთვის ყოველგვარი ტიპის მოსმენა ამაზრზენია, მას "შიგნით ომიც" ჰქონდა იმის გამო, რომ საერთოდ აკრძალულიყო მოსმენები, მაგრამ დაარწმუნეს, რომ ეს ქვეყნის უშიშროებასთან არის დაკავშირებული და ამას ყველა ქვეყანა იყენებს.

ამასთან, ბიძინა ივანიშვილს ქართულ პოლიტიკაში მესამე პოლიტიკური ძალის გააქტიურების სურვილი აქვს (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).