საიდუმლო ხარჯები - კვირის პალიტრა

საიდუმლო ხარჯები

გასაჯაროვდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის (სდსს) ხარჯები, რომლებსაც მანამდე გრიფი "სრულიად საიდუმლოდ" ედო. დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ბიუჯეტს სააკაშვილის ესპანელი მზარეულის შენახვა ნახევარი მილიონი ლარი დაუჯდა; ბიუჯეტის ფულით, 115 ათას ლარად, პრეზიდენტმა და გიგი უგულავამ გასახდომი პროცედურები ავსტრიაში ჩაიტარეს, დუბაიში "ნაციონალთა" საახალწლო ქეიფი კი გადასახადის გადამხდელებს 240 ათასი ლარი დაუჯდათ. ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა პრეზიდენტის ოჯახის სხვადასხვა ხარჯი, მათ შორის ედუარდ სააკაშვილის სწავლის გადასახადი და ნიკოლოზ სააკაშვილისთვის ჩოხის შეკერვა. მსხვილი თანხები იხარჯებოდა პრეზიდენტის სტუმრების მასპინძლობისთვის. გავრცელებული დოკუმენტები "წვრილ-წვრილ" ამბებსაც მოიცავს: 2011 წლის აპრილში "ვინმე იუშჩენკო" თბილისის აბანოს ბიუჯეტის ხარჯით ესტუმრა (თუმცა უკრაინელების განცხადებით, ამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მაშინ თბილისში არ იმყოფებოდა);  დეპუტატ თინა ბოკუჩავას ბიუჯეტის ფულით 1.599-ლარიანი მობილური უყიდეს, მარიამ საჯაიას 3.500-ლარიანი სამკაული. სამკაულები მიიღეს რუსმა ჟურნალისტმა ქსენია სოკოლოვამ და მომღერალმა ივანა მელაიმაც - ერთმა 2.765-ლარიანი, მეორემ კი 982-ლარიანი. ხარჯების შესასწავლად, შესაძლოა, საპარლამენტო კომისია შეიქმნას (ვრცლად იხ. გვ. 8, სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).