ვანო მერაბიშვილი ციხეშია - კვირის პალიტრა

ვანო მერაბიშვილი ციხეშია

პროკურატურამ ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი და კახეთის გუბერნატორი ზურაბ ჭიაბერაშვილი დააკავა. ბრალდების მიხედვით, საპარლამენტო არჩევნების წინ ამომრჩეველთა მოსყიდვის მიზნით, მერაბიშვილმა მაშინდელ ჯანდაცვის მინისტრ ჭიაბერაშვილთან ერთად  დაგეგმა და ჩაატარა თვალთმაქცური ოპერაცია, რომლის მიხედვითაც, უმუშევართა დასაქმების პროგრამისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო თანხებიდან 5,2 მლნ ლარი უკანონოდ ჩაერიცხა დაახლოებით 22 ათას პირს. ასევე, პროკურატურის ცნობით, მერაბიშვილმა შს მინისტრობისას დაშინებითა და შანტაჟით უკანონოდ დაიკავა საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიის“ კვარიათში მდებარე აგარაკი და ოჯახთან ერთად ოთხი წლის განმავლობაში სარგებლობდა. სამართალდამცველების ინფორმაციით, ფაქტობრივად, დასრულებულია გამოძიება 26 მაისისა და გირგვლიანის მკვლელობის საქმეებზე. პროკურატურის განცხადებით, 2011 წლის 26 მაისს აქციის დაშლისას მერაბიშვილის უშუალო დავალებით პოლიციამ ალყაშემორტყმულ მოქალაქეებზე გადაჭარბებული ძალა გამოიყენა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ასევე, გამოძიების ცნობით, მერაბიშვილმა მეუღლის, თაკო სალაყაიას, დანაშაულისგან განრიდების მიზნით, უზრუნველყო გირგვლიანის საქმის ფალსიფიკაცია. ქუთაისის სასამართლომ მერაბიშვილს წინასწარი პატიმრობა, ზურაბ ჭიაბერაშვილს კი 20-ათასლარიანი გირაო შეუფარდა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).