მცოცავი ანექსია გრძელდება - კვირის პალიტრა

მცოცავი ანექსია გრძელდება

სოფელ დიცში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვარი 300 მეტრით გადმოსწიეს და პერიმეტრზე საინჟინრო ნაგებობების მშენებლობის მიზნით მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყეს, რამდენიმე ქართველიც დააკავეს. საქართველოს ხელისუფლებამ მომხდარის შესახებ საქმის კურსში  ჩააყენა დიპლომატიური კორპუსი და საერთაშორისო საზოგადოებრიობა. დასავლეთმა შეშფოთება გამოთქვა. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მწვავე კომენტარებს არ აკეთებდნენ მანამ, სანამ არ გაირკვეოდა, ვინ იდგა ე.წ. საზღვრის გადმოწევის უკან - მოსკოვი თუ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ რუსი "მესაზღვრეები" ცხინვალთან შეთანხმებით მოქმედებდნენ. ერგნეთის შეხვედრაზე ქართულმა მხარემ, მთელ პერიმეტრზე მავთულხლართების დემონტაჟი მოითხოვა, რაზეც ცხინვალიდან უარი მიიღო. სავარაუდოდ, მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, ოკუპირებულ ტერიტორიებთან ქართული პოლიციის კონტინგენტი გაიზრდება (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).