აღკვეთილი ტერაქტი?! - კვირის პალიტრა

აღკვეთილი ტერაქტი?!

შსს-მ თბილისში დააკავა უცხო ქვეყნის მოქალაქეები მიკაილ კადიევი და რიზვან ომაროვი. შსს-ს ინფორმაციით, ისინი საქართველოში ტერაქტს გეგმავდნენ. ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა ამოიღეს დიდი ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება, ელექტროდეტონატორები, ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და პირადობის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტაცია. გამოძიების ცნობით, ინტერპოლის მიერ ძებნილი კადიევი საქართველოს თავს 2011 წლიდან აფარებდა, თუმცა პერიოდულად ტოვებდა ქვეყნის ფარგლებს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ კადიევი მიხეილ სააკაშვილის პირადი მფრინავის, ვერტმფრენების კომპანია "თუშეთის" მფლობელ ზაურ ქორთოშიძის სახლში ცხოვრობდა. ქორთოშიძის განცხადებით კი, კადიევს მის სახლში არასოდეს უცხოვრია, დაკავებულთან შორეული ნაცნობობა აკავშირებდა და მამამისის ახლობლის თხოვნით რამდენიმე დღით შვილის ბინაში დააბინავა. აღსანიშნავია, რომ სასამართლოზე კადიევს და ომაროვს ბრალი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შენახვისთვის წაუყენეს და პატიმრობა შეუფარდეს (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).