"არაფორმალურ ლიდერობას არ ვაპირებ"
08-07-2013
"არაფორმალურ ლიდერობას არ ვაპირებ"
პრემიერმა ივანიშვილმა პრესკონფერენციაზე ყველას მოუწოდა, ნუ სპეკულირებენ მისი პოლიტიკიდან წასვლის თემით, რადგან ამას შესაძლოა, პოლიტიკაში ცუდი ძვრები მოჰყვეს.„"ნურავის ექნება აზრად, რომ პროცესებს, რომელიც ლაგდება, გამოვეცალო და ვინმეს დასაშლელად და ასარევად დავუტოვო. თუ დამარწმუნებენ, რომ აქ უფრო საჭიროა ჩემი ყოფნა, რა თქმა უნდა, აქ დავრჩები", - აღნიშნა ივანიშვილმა. მისივე თქმით, პოლიტიკიდან წასვლის შემთხვევაში, მთავრობის არაფორმალურ ლიდერობას არ აპირებს. ივანიშვილმა ისიც აღნიშნა, რომ როგორც კი "ნაციონალები" ოპოზიციის როლის შესრულებას ვერ შეძლებენ, სხვა
ძალა გაჩნდება. "თუ არა და, ჩვენ კოალიციაში გვაქვს ეს პოტენციალი და კოალიცია ბუნებრივადვე დაიშლება. რომც არ იყვნენ ცალკეულ პარტიებად ჩამოყალიბებულები, ერთი გუნდიც რომ არსებობდეს, როგორც კი გარედან წინააღმდეგობა არ იქნება, შიგნით გაჩნდება ძალები და შიგნიდან მოხდება დაშლა", - განაცხადა ივანიშვილმა. პრემიერმა დასძინა, რომ რიგგარეშე საპარლამენტო
არჩევნების ჩატარების სურვილი არა აქვს. მისივე თქმით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრობლემის გადაწყვეტა მხოლოდ რუსეთზე დამოკიდებული არ არის.  "რუსეთის პრეზიდენტის ინტერვიუს დიდი ნაწილი საქართველოსთან ურთიერთობას დაეთმო. ყველაზე დიდი მინიშნება იყო ჩვენს ძმებზე - აფხაზებსა და ოსებზე, რომ ჩვენ თვითონ უნდა გადავწყვიტოთ ეს პრობლემები. მე ეს მინიშნება აბსოლუტურად კარგად გავიგე და აბსოლუტურად ვეთანხმები", - აღნიშნა პრემიერმა.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით