წულუკიანის პასუხი - კვირის პალიტრა

წულუკიანის პასუხი

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო ბარნოვმა მიხეილ სააკაშვილის სახელით იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს წერილით მიმართა და ლადო ბედუკაძის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების გამო არჩილ კბილაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლება სთხოვა. პრეზიდენტმა წულუკიანისგან უარი მიიღო. "სად იყავით მაშინ, როცა ჩემს სამუშაო მაგიდაზე სტრასბურგის სასამართლოში წლების განმავლობაში  ყოველდღე ორმოცამდე ნაწამები თუ უკანონო განაჩენით გაწამებული პატიმრის საქმე იყრიდა თავს? ან მაშინ, როცა გირგვლიანს სასაფლაოზე ყელი გამოსჭრეს თქვენმა მაღალჩინოსნებმა?! სად იყავით მაშინ, როცა მოხდა ტრაგედია, სახელად "არასრულწლოვანი გვანცა ყუფარაძის განაჩენი"?! სად იყავით და რა გეზეიმებოდათ მაშინ, როცა 26 მაისს საქართველოს მოქალაქეები, თქვენი მოქალაქეები, რუსთაველის გამზირზე ხელფეხშებოჭილნი და ღირსებაშელახულნი ძირს იწვნენ?! სად იყავით, როცა პროკურატურაში ბიზნესმენებს იბარებდნენ "მეგობრული საუბრებისთვის" და პარალელურად, ჩემი წინამორბედი მათი ოჯახის წევრებს ქონების დათმობის, ჩუქების ან კიდევ იუსტიციის სახლების უფასოდ აშენების ან მოწყობის თანხმობას ართმევდა?! სად იყავით, როცა კეთდებოდა ის 17000 უკანონო ფარული ჩანაწერი, რომლებიც ახლა აღმოვაჩინეთ", - ნათქვამია წულუკიანის წერილში.