რას დაჰპირდა სააკაშვილი პუტინს - კვირის პალიტრა

რას დაჰპირდა სააკაშვილი პუტინს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვლადიმერ პუტინს ტერიტორიების სანაცვლოდ ნატოში გაწევრებასა და აშშ-თან მეგობრობაზე უარის თქმას დაჰპირდა. ამის შესახებ თავად სააკაშვილმა განაცხადა. "პუტინმა დაუფიქრებლად მიპასუხა, რომ საქართველოს ტერიტორიებს მის გეოპოლიტიკურ ორიენტაციაზე ვერ გაცვლის", - აღნიშნა პრეზიდენტმა. მან რუსული მხარისადმი მიწერილი ის ცნობილი წერილიც ახსენა, რომლის თანახმად, თბილისი რუსეთს ლტოლვილების დაბრუნების სანაცვლოდ სოხუმის აეროპორტს, რკინიგზას და ეკონომიკურ ინტერესებს სოხუმში, გაგრასა და ბიჭვინთაში დე ფაქტო უკანონებდა. "მედვედევმა მომწერა, დაივიწყეთ ლტოლვილები და ტერიტორიაო", - განაცხადა სააკაშვილმა. მან ასტანაში მედვედევთან შეხვედრაც გაიხსენა: "დავდევდი მედვედევს და ის მემალებოდა - გარბოდა, როგორც შეყვარებული გაგირბის. ბანკეტის შემდეგ ღამის კლუბში წავედით. მედვედევი საცეკვაოდ გავიდა მოედანზე, მეც შევყევი, დავავლე ხელი და გამოვიყვანე. დავადე ხელი მუხლზე, რომ არ გაქცეულიყო. სოჭში შეხვედრაზე დაველაპარაკე. მითხრა, - ძალიან მომწონხარ, ერთი ასაკის ვართ, ერთი განათლება გვაქვს, ერთი მუსიკა მოგვწონს, მაგრამ მოსკოვში თამაშის სხვა წესებია, რომელსაც მე არ ვაწესებო" (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).