სკანდალი "ბალკლიზე"
19-08-2013
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და პრემიერი ბიძინა ივანიშვილი მეგობრული ვიზიტით მყოფ ამერიკულ სამხედრო გემ "ბალკლიზე" საზეიმო მიღებას დაესწრნენ. სააკაშვილმა და ივანიშვილმა გაისაუბრეს კიდეც. კერძოდ, პრემიერი დაინტერესდა, რას ნიშნავდა მიხეილ სააკაშვილის გულზე დამაგრებული წითელი ყაყაჩოს სიმბოლო. "რა გაქვს ეგ გულზე, სად იშოვე? რა არის ეს, რას ნიშნავს?" - იკითხა  ივანიშვილმა. სააკაშვილმა კი უპასუხა: "მოგიხერხებ, რომ იშოვო, ეს ჩვენი დაღუპული ჯარისკაცების მახსოვრობაა". მოგვიანებით, პრეზიდენტმა პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებას გადაუხვია, ვრცელი სიტყვით გამოვიდა და
რუსეთზე ისაუბრა. მან პრემიერსაც მიმართა: "კატეგორიულად უარვყოფ, რომ საქართველოს რაიმე პასუხისმგებლობა აქვს 2008 წლის ომზე. ბატონო ბიძინა, იმედია, თქვენ დაუფიქრდებით ამ საკითხს, იმიტომ, რომ ვინც ამას ამბობს, ან არ უყვარს საქართველო, ან აქვს სხვა სახის პრობლემები, ან არის შეკრული საქართველოს მტერთან. იმედია, რომ თქვენ არ
ხართ შეკრული საქართველოს მტერთან", - განაცხადა სააკაშვილმა. ამას ივანიშვილის რეპლიკა მოჰყვა. ტელეკამერებმა დააფიქსირეს, რომ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლისას ნორლანდსა და ივანიშვილს ეღიმებოდათ. მოგვიანებით, აშშ-ის საელჩომ ნორლანდის სახის გამომეტყველებაზე განმარტება გაავრცელა: "ელჩი იღიმებოდა იმის გამო, რომ მისმა ძალისხმევამ, აღედგინა პროტოკოლით გათვალისწინებული ზომები ამ წარმომადგენლობით ღონისძიებაზე მიზანს ვერ მიაღწია" (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით