რადიო "პალიტრა" ხუთი წლისაა - კვირის პალიტრა

რადიო "პალიტრა" ხუთი წლისაა

საზოგადოებრივ-პოლიტიკური რადიო "პალიტრის" (FM 103.9) საინფორმაციო მაუწყებლობის დაწყებიდან ხუთი წელი შესრულდა. რადიომ მაუწყებლობა 2008 წლის 17 აგვისტოს, დილის 08:00 საათზე დაიწყო. პირველი საინფორმაციო გამოშვების ეთერში გასვლა მძიმე მოვლენებს, კერძოდ კი, 2008 წლის აგვისტოს ომს უკავშირდება. მაშინ გაჩნდა საინფორმაციო გამოშვების სლოგანი–"ინფორმაცია რეალურ დროში", რადგან რადიო საომარი მოქმედებებისა და სხვა მოვლენათა ეპიცენტრიდან მსმენელს ინფორმაციას უწყვეტ რეჟიმში აწვდიდა. მას შემდეგ, რადიო "პალიტრა" გახდა უამრავი ადამიანის საყვარელი და საიმედო თანამგზავრი. "გვაქვს ამბიცია, ვიყოთ პირველები, ყველაზე ობიექტური, ოპერატიული და სანდო მედიასაშუალება. ჩვენ არ ვზოგავდით არც შრომას, არც ენერგიას, რათა ჩვენი მსმენელი იყოს ობიექტურად ინფორმირებული. ეს იყო და არის ჩვენი ყველაზე დიდი მიზანი", - აცხადებს რადიოს მთავარი პროდიუსერი ეკა ბურჭულაძე. ახალი ამბების გარდა, რადიო "პალიტრა" მსმენელს მრავალფეროვან პროგრამებს სთავაზობს.

რადიო "პალიტრა" თბილისსა და მის შემოგარენში მაუწყებლობს. რადიოს მოსმენა და ნახვა შესაძლებელია, ასევე, ონლაინრეჟიმში, ინტერნეტმისამართებზე www.radiopalitra.ge ან www.palitratv.ge (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).