ყუფარაძის პასუხი სააკაშვილს - კვირის პალიტრა

ყუფარაძის პასუხი სააკაშვილს

ყოფილმა პატიმარმა გვანცა ყუფარაძემ ნასამართლობის მოხსნაზე უარი განაცხადა და სააკაშვილს მიმართა.

"თქვენთვის არაფერს ნიშნავდა ჩემი ათეულობით განაცხადი, იურიდიული მიმართვები - სამართლებრივი შეფასებები ადვოკატთა, არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის, პოლიტიკოსების, ჟურნალისტების მხრიდან. თქვენთვის არაფერს ნიშნავდა თქვენს სისტემურ იდეოლოგიას შეწირული ადამიანები და მათი ოჯახის წევრები.

დღეს კი, რასაც სჩადიხართ, პრიმიტიული მარაზმია. პირადად მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტს, პოლიტიკოსს, არასდროს გაპატიებთ იმას, რაც საქართველოს, ქართველს ხალხს გაუკეთეთ. არ გაპატიებთ იმიტომ, რომ თქვენი ქმედება უპატიებელია. ხოლო, როგორც ადამიანს - რა საკვირველია დიახ, გაპატიებდით, რომ გეთხოვათ, თავი სულ მცირე დამნაშავედ მაინც რომ გეგრძნოთ", - აღნიშნულია მიმართვაში.

გვანცა ყუფარაძე 2006 წლის 11 ნოემბერს დააპატიმრეს. მას ბრალად ედებოდა "უმიზეზოდ, დანით, ხულიგნური ქვენაგრძნობითა და განსაკუთრებული სისასტიკით" თანაკლასელ თორნიკე ტყემალაძისათვის 33 ჭრილობის მიყენება. მას 10 წელი მიუსაჯეს (5 წელი ციხე და 5 წელი პირობითი სასჯელი). გვანცა ყუფარაძე ციხიდან ხუთწლიანი პატიმრობის შემდეგ, 2011 წლის 11 ნოემბერს გაათავისუფლეს (ვრცლად იხ. გვ 7, 11).