"მე-9 არხის" საკითხი" - კვირის პალიტრა

"მე-9 არხის" საკითხი"

პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა 19 აგვისტოს განაცხადა, რომ თუ 1-ელ სექტემბრამდე ტელეკომპანია "მე-9 არხი" და საინფორმაციო სააგენტო "ინფო 9" არ გაიყიდებოდა, აღნიშნული მედიასაშუალებები დაიხურებოდა. "ყოველთვის მიმაჩნდა და დღესაც მიმაჩნია, რომ ქვეყნის პირველ პირებს საკუთარი ტელევიზია არ უნდა ჰქონდეთ, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა ამას არ კრძალავს. პირადად მე და ჩემს ოჯახს ეს დიდ უხერხულობას გვიქმნის, რაც არაერთხელ განვაცხადე კიდეც", - განაცხადა ივანიშვილმა. მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით აუცილებელია აღნიშნული მედიასაშუალებების გასხვისება, რათა ამომრჩეველს არ დარჩეს განცდა, რომ კოალიციის ლიდერის მფლობელობაში არსებული მედიასაშუალება კოალიციისავე კანდიდატს სასათბურე პირობებს შეუქმნის. 19 აგვისტოსვე არხის საინფორმაციო სამსახურის კოლექტივმა უარი თქვა მუშაობის 10 დღით გაგრძელებასთან დაკავშირებულ შემოთავაზებაზე და ტელეკომპანიამ მაუწყებლობა შეწყვიტა. საპასუხოდ, ივანიშვილმა განაცხადა, რომ "მე-9 არხის" ხელმძღვანელობა და ჟურნალისტები ძალიან ცუდად და არაპროფესიონალურად მოიქცნენ. პარალელურად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ "მე-9 არხის" შეძენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაიწყო ტელეკომპანია "იბერიის" დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა ზაზა ოქუაშვილმა, თუმცა შემდეგ მოლაპარაკებებზე თავად თქვა უარი. საზოგადოების წარმომადგენლების ინიციატივით, შეიქმნა "მე-9 არხისა" და "ინფო 9"-ის გადარჩენის სამოქალაქო კომიტეტი (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).