"საქართველოს პრობლემა მისსავე სოციუმშია" - კვირის პალიტრა

"საქართველოს პრობლემა მისსავე სოციუმშია"

პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საქართველოს პრობლემა მისსავე სოციუმშია, რადგან ხალხს არც არჩევანის გაკეთება შეუძლია, არც არჩეულთა გაკონტროლება.

"მე დავეხმარები საზოგადოებას სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში, ანალიზის გაკეთებაში, გონივრულად და არა ემოციურად მოქმედებაში. საზოგადოებასთან ერთად შევიმუშავებთ მექანიზმს, როგორ შევაფასოთ სიტუაცია სწორად. ეს არ არის მარტივი, რადგან 200 წელია ჩვენ საკუთარი ქვეყანა არ გვიმართავს", - აღნიშნა ივანიშვილმა.

პრემიერმა პოლიტიკიდან თავისი წასვლის შესახებაც ისაუბრა: "ხალხი გულდაწყვეტილია ჩემი გადაწყვეტილებით, მაგრამ პოლიტიკაში მოსვლისთანავე განვაცხადე, რომ პოლიტიკიდან ორ, მაქსიმუმ სამ წელიწადში წავიდოდი და საზოგადოების განვითარებით დავკავდებოდი. პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ აქტიური მოქალაქე ვიქნები. საქართველოს ყველა პრეზიდენტი ერთმანეთზე უარესი იყო. ერთის მმართველობის დროს ქვეყანაში სამოქალაქო ომი იყო, მეორე რევოლუციის შედეგად შეცვალეს, მესამე კი ამ ორზე უარესია".