შეხვედრა ექსპერტებთან - კვირის პალიტრა

შეხვედრა ექსპერტებთან

გასულ კვირას პრემიერი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ექსპერტებს შეხვდა. პრემიერს თან ჰქონდა ექსპერტების ინტერვიუებიდან ამონაწერი და ციტატებზე შეხვედრის მონაწილეებისგან პასუხს ითხოვდა. ივანიშვილის განცხადებით, ახალი მთავრობის მიერ გაცემული დაპირებების შესრულების პრობლემაზე თითქმის ყველა ექსპერტი ერთნაირად ლაპარაკობს, რასაც თავად არ ეთანხმება. "ექსპერტები ხართ და რაღაცას ამბობთ, რომელიც საფუძველს არის მოკლებული. ექსპერტები ითხოვთ სხვებისგან, რომ იდეალური იყვნენ, მაგრამ ლაპარაკობთ იმას, რაც მოგინდებათ", - მიმართა შეხვედრის მონაწილეებს პრემიერმა. ივანიშვილის თქმით, მის გაოცებას იწვევს ექსპერტების ინსინუაციები, რომელსაც მისი პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე ისმენს. რამდენიმე ექსპერტმა პრემიერს საკუთარ ციტატებზე არგუმენტები მოუყვანა, თუმცა ივანიშვილმა მათ არადამაჯერებელი უწოდა. "ექსპერტებმა უნდა გაიაზრონ, რომ ერთი ან ორი პროგნოზის ვერგამოცნობით საზოგადოებაში ნდობას კარგავს", - აღნიშნა პრემიერმა. პრემიერის განცხადებით, სამართლიანობის აღდგენა გრძელდება. მისი ცნობით, წინა ხელისუფლების დროს წართმეული ქონების საერთო თანხა 6-7 მილიარდი ლარია. "გასაგებია, სახელმწიფომ პასუხი უნდა აგოს, აბსოლუტურად მესმის და ვაცნობიერებ, მაგრამ სახელმწიფო ეკუთვნის არა მხოლოდ ხალხის იმ ნაწილს, ვინც დაზარალებულია, არამედ საზოგადოებას. ჩვენ შეიძლება პერსპექტივა დავუკარგოთ მთლიანად საზოგადოების განვითარებას, თუ სახელმწიფო დღეს ამ ვალების გადახდას თავის თავზე აიღებს", - განაცხადა ივანიშვილმა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).