პრეზიდენტის სიტყვა - კვირის პალიტრა

პრეზიდენტის სიტყვა

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 68-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა. როგორც სააკაშვილმა განაცხადა, რუსეთი არ არის დაინტერესებული სტაბილური სახელმწიფოების არსებობით და მეზობელ ქვეყნებში მუდმივ ქაოსსა და არეულობას ესწრაფვის. მან დიცსა და დვანში არსებული ვითარების შესახებ ასამბლეას ინფორმაცია მიაწოდა და საერთაშორისო საზოგადოებრიობას სთხოვა, აგრესიაზე მკაცრი რეაგირება მოახდინოს. პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ რუსეთის იმპერიალისტური გზა ჩიხში შევა, ევრაზიული კავშირი კი კრახს განიცდის.  მისივე პროგნოზით, რამდენიმე წელიწადში ვლადიმირ პუტინი აღარ იქნება არც კრემლში და არც რუსულ პოლიტიკაში. "რუსეთის მოქალაქეთათვის იგი დარჩება ძველი დროის, იმპერიის, კორუფციისა და ჩაგვრის აჩრდილად. არავინ უწყის, ეს პროცესი მშვიდობიანი იქნება თუ ძალადობრივი. არავინ უწყის, პუტინის მემკვიდრე ლიბერალი იქნება, ნაციონალისტი თუ ორივე. მთავარი სხვა რამ არის: რუსეთი აღარ იქნება იმპერია და იგი გადაიქცევა ნორმალურ სახელმწიფოდ", - განაცხადა პრეზიდენტმა. სააკაშვილის თქმით, რეგიონში ევროკავშირისა და ნატოს წინსვლასთან ბრძოლა სულ უფრო ინტენსიური ხდება და ამას სახელი აქვს: "ევრაზიული კავშირი". "ცუდად ვხდები, როდესაც კა-გე-ბეს ოფიცერი ვლადიმირ პუტინი მსოფლიოს უკითხავს ლექციას თავისუფლებაზე, ღირებულებებსა და დემოკრატიაზე. ამის გაკეთება სწორედ რომ მას არ შეუძლია, როგორც უკანასკნელი იმპერიის დიქტატორ ლიდერს.", - განაცხადა სააკაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლისას რუსეთის დელეგაციამ პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).