შეხვედრა ჟურნალისტებთან
07-10-2013
შეხვედრა ჟურნალისტებთან
2 ოქტომბერს პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანიების საინფორმაციო სამსახურების ხელმძღვანელებსა და ტოქშოუების წამყვანებს შეხვდა. პრემიერს, ისევე როგორც ექსპერტებთან შეხვედრისას, პრესსამსახურმა სხვადასხვა გადაცემიდან ჟურნალისტების ციტატები მოუმზადა. ივანიშვილის თქმით, ბევრი ჟურნალისტის გამონათქვამში დილეტანტობა და საკითხის უცოდინარობა იგრძნობა. "რომ არა მედიის, ექსპერტებისა და არასამთავრობო სექტორის მიერ არსებული მდგომარეობის შეფასებაზე საზოგადოების სიბრძნე, რომელიც თავად ახერხებს კარგ ანალიზს, ახალი რევოლუცია მოხდებოდა... რომ განახოთ, ციხეებს როგორ აღწერთ, სიტუაცია არანაირად
არ განსხვავდება წინა ხელისუფლების პირობებისგან. სოზარ სუბარს ღამეები არ სძინავს საწყალს და მას სჭირდება დაცვა და მადლობის თქმა. თუ ვერ მოვახერხებთ მადლობის თქმას გაკეთებულზე, მათ ხასიათი გაუფუჭდებათ.

ძალიან ბევრ მინისტრს მუშაობის სურვილიც შეიძლება აღარ ჰქონდეს", - განაცხადა პრემიერმა. ივანიშვილის განცხადებით, შეურაცხმყოფელია, როდესაც მასზე ამბობენ, რომ "გარბის". "სად გაგიგიათ გამარჯვებული კაცის გაქცევა? დამარცხებული გარბის,
როგორც წესი. ამ ტერმინს, გარბისო, როდესაც ხმარობთ, ან რომ ვერ ასრულებს დანაპირებს, ეშინიაო, საშიში რაც იყო, ხალხო, არ გახსოვთ, როგორი იყო მდგომარეობა, როდესაც მე მოვედი და თავი გავწირე პირდაპირი მნიშვნელობით?", - ბრძანა პრემიერმა. ივანიშვილმა ჟურნალისტებს ზემოხსენებული ციტატებიც გააცნო. საპასუხოდ, რამდენიმე ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ფრაზები კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი. შეხვედრა ორმხრივი კითხვა-პასუხის, ზოგჯერ კამათის რეჟიმშიც მიმდინარეობდა. ივანიშვილი დაეთანხმა მედიის წარმომადგენლებს, რომ ცუდი არ იქნებოდა მისი ჩასვლა დიცსა და დვანში, თუმცა ეს პრინციპულად არაფერს შეცვლიდა. პრემიერისვე განცხადებით, სამწუხაროდ, ის პოლიტიკიდან წასვლამდე აშშ-ში ვიზიტს ვეღარ ასწრებს, მაგრამ ეს არ არის პრობლემა. ივანიშვილმა ისიც აღნიშნა, რომ მისი პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობაში ერთი-ორი კაცი სიტუაციის აყირავებას შეეცდება, მაგრამ "ისინი თავიანთ თავებს აააყირავებენ" (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).



მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით