ბესელია სამართალს ეძებს - კვირის პალიტრა

ბესელია სამართალს ეძებს

მოძრაობა "ერთიანი საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ეკა ბესელიას შვილის, რატი მილორავას და ძმის, სერგო ბესელიას ადვოკატი ქობულეთის პროკურორის,

გიორგი დავითაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიების დაწყებას ითხოვს.

ადვოკატ ლილი გელაშვილის განმარტებით, ბათუმის სასამართლოში ბოლო სხდომაზე გამოქვეყნებული ვიდეომასალებით, რომელიც ამოცნობის ჩატარებას ასახავს, პროკურორ გიორგი დავითაშვილის დანაშაული დადასტურდა.

_ ვიდეომასალიდან ჩანს, რომ არასრულწლოვან რატი მილორავას დაცვის უფლება დაირღვა და პროკურორმა მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინა. ამოცნობა ღამის საათებში ჩატარდა. ვიდეომასალიდან ჩანს, თუ როგორ ებრძვის პროკურორი რატი მილორავას და უმტკიცებს, რომ არც მისი წარმომადგენელი და არც დედა ამოცნობის პროცედურისთვის საჭირო არ არის. ატყუებს და უყვირის, რომ თუ არ მიიღებს ამოცნობაში მონაწილეობას, ეს პროცედურა მაინც კანონიერად ჩაითვლება, _ განაცხადა ლილი გელაშვილმა და განმარტა, რომ რატი მილორავა ამოცნობაზე ადვოკატისა და დედის დასწრებას ითხოვდა, რისი უფლებაც პროკურორმა არ მისცა. ამოცნობა სახაზინო ადვოკატის მონაწილეობით ჩატარდა.

ადვოკატ ლილი გელაშვილის განცხადებით, დარღვევები აღმოჩნდა სერგო ბესელიას ამოცნობის ამსახველ ვიდეომასალაშიც.